×

We gebruiken cookies om LingQ beter te maken. Als u de website bezoekt, gaat u akkoord met onze cookiebeleid.

Black Friday Tot 50% korting
Gratis inschrijven
image

ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა, 6- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

6- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

თავი მეექვსე

– შფოთიანი ღამე –

ძალუას უჟმური სიზმარი ეზმანა, ვითომ მეეზოვე მოსდევდა ცოცხით და შეშინებულს გამოეღვიძა.

ოთახში სიბნელე და სიჩუმე იდგა.

სუნთქვა ჭირდა, უმოწყალოდ იკბინებოდნენ რწყილები, ადრე ძალუას არასოდეს შინებია სიბნელის, მაგრამ ახლა რატომღაც ძრწოლამ აიტანა და დაყეფება მოუნდა.

მეზობელ ოთახში ხმამაღლა ამოიხვნეშა პატრონმა, ცოტა ხნის შემდეგ კი თავის ფარდულში ღორმა დაიღრუტუნა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.

საჭმელზე ფიქრი ამშვიდებდა ხოლმე და ძალუამაც გაიხსენა, როგორ მოპარა დღეს ქათმის ფეხი ფიოდორ ტიმოფეიჩს და სასტუმრო ოთახში კარადის უკან გადამალა.

იქაურობას აბლაბუდა და მტვერი მოსძალებოდა.

ახლა ურიგო არ იქნებოდა, ენახა: რა ბედი ეწია ქათმის ფეხს?

სავსებით შესაძლებელი იყო პატრონს ეპოვა და შეეჭამა, მაგრამ დილამდე ოთახიდან გასვლა არ შეიძლებოდა.

მალე რომ ჩასძინებოდა, ძალუამ თვალი დახუჭა.

გამოცდილებით იცოდა, რაც მალე დაიძინებდა, მით უფრო ჩქარა გათენდებოდა.

ანაზდად, შორიახლო უცნაური ყვირილი გაისმა, რამაც შეაკრთო და აიძულა ფეხზე დამდგარიყო.

ივან ივანიჩი ყვიროდა და ეს აღარ ჰგავდა მოლაყბე, თავდაჯერებული ბატის წინანდებურ ყიყინს.

რაღაც ველური, გამკივანი და უჩვეულო, ჭიშკრის ჭრიალივით გაისმა სიბნელეში.

წყვდიადში ძალუამ ვერა გაარჩია და ვერც ვერაფერი იაზრა, მაშინ უფრო მოეძალა შიში და დაიღრინა:

− ღრრრ...

გავიდა მცირე ხანი, იმდენი, რამდენიც გვარიანი ძვლის დახვრას სჭირდებოდა: ყვირილი არ განმეორებულა.

ძალუა თანდათან დამშვიდდა და ჩათვლიმა.

ორი დიდი, შავი ძაღლი დაესიზმრა, ბარძაყებსა და ფერდებზე ბღუჯაბღუჯა რომ შერჩენოდათ შარშანდელი ბალანი.

ძაღლები დიდი გობიდან ხარბად თქვლეფდნენ ნარცხს, იქიდან თეთრი ორთქლი და ძალზე ტკბილი სურნელი მოდიოდა.

დროდადრო ძაღლები მოხედავდნენ ძალუას, კბილებს უკრეჭდნენ და იღრინებოდნენ - შენ არაფერს დაგითმობთო.

ამ დროს სახლიდან გლეხი გამოვარდა: მათრახით გაყარა ისინი, მაგრამ როგორც კი გლეხი კარს მიეფარა, ორივე ძაღლი ღრიალით მოუვარდა ძალუას.

ანაზდად, კვლავ გამკივანი ყვირილი გაისმა.

− ყი-ყი!

ყი-ყი!

- დაიყვირა ივან ივანიჩმა.

ძალუას გამოეღვიძა, წამოხტა და ლეიბიდან არც გადმოსულა, ყეფა ატეხა.

ძალუას უკვე ეჩვენებოდა, რომ ივან ივანიჩი კი არა, ვიღაც სხვა, უცხო ყვიროდა.

გარეთ ფარდულში რატომღაც კვლავ დაიღრუტუნა ღორმა.

ამ დროს ფეხსაცმლის ფრატუნი მოისმა და ოთახში ხალათწამოსხმული პატრონი შემოვიდა, ხელში სანთელი ეჭირა.

მკრთალი შუქი ჭუჭყიან კედლებსა და ჭერზე ალიცლიცდა, სიბნელე განდევნა.

ძალუა დარწმუნდა, რომ ოთახში უცხო არავინ იყო.

ივან ივანიჩი იატაკზე იჯდა, არ ეძინა, ფრთები გაეფარჩხა, ნისკარტი დაეფჩინა და, საერთოდ, ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს გადაქანცულიყო და სწყუროდა.

არც ბებერ ფიოდორ ტიმოფეიჩს ეძინა, უთუოდ ისიც ყვირილმა გამოაღვიძა.

− ივან ივანიჩ, რა დაგემართა?

- ჰკითხა პატრონმა ბატს.

- რა გაყვირებს?

ავად ხომ არა ხარ?

ბატი დუმდა.

პატრონმა კისერზე მოავლო ხელი, მერე ზურგზე გადაუსვა და უთხრა:

− დიდი უცნაური ვინმე ხარ.

არც თვითონ გძინავს და არც სხვას აძინებ.

როცა პატრონი წავიდა და სინათლე თან გაიყოლა, ისევ სიბნელე ჩამოწვა.

ძალუა შიშმა აიტანა.

ბატი აღარ ყვიროდა, მაგრამ კაშტანკას კვლავ ეჩვენებოდა, რომ სიბნელეში ვიღაც უცხო იდგა.

ყველაზე შემზარავი კი ის გახლდათ, რომ ამ უცხოს ვერ უკბენდა.

რადგან უჩინარი და უსხეულო იყო.

ძალუა რატომღაც ფიქრობდა, ამ ღამეს უცილოდ რაღაც ძალზე ცუდი ამბავი უნდა მოხდესო.

ფიოდორ ტიმოფეიჩიც ვერ ისვენებდა.

ძალუას ესმოდა, კატა ლეიბზე წრიალებდა, ამთქნარებდა და თავს იბერტყავდა.

სადღაც, ქუჩაში, კარზე დააკაკუნეს და ფარდულში ღორმა დაიღრუტუნა.

ძალუამ დაიწკმუტუნა, წინა თათები გამოშალა და თავი ზედ ჩამოდო.

კარზე კაკუნმა, ღორის ღრუტუნმა, ჩამომდგარმა სიბნელემ და სიჩუმემ ძალუას რაღაც სევდიანი და შემზარავი წინათგრძნობა განუახლა.

სწორედ იმგვარი, ივან ივანიჩის ყვირილმა რომ განაცდევინა.

ირგვლივ შფოთი და წუხილი გამეფებულიყო, მაგრამ რის გამო?

ვინ იყო ის უცხო, ის უჩინარი?

ძალუას ცხვირწინ წამით ორი მქრქალი მწვანე ნაპერწკალი აინთო.

მთელი ნაცნობობის მანძილზე ეს პირველად იყო, რომ ფიოდორ ტიმოფეიჩი კაშტანკასთან მივიდა.

ნეტა რა უნდოდა?

ძალუამ კატას თათი აულოკა, არც უკითხავს, რისთვის მოხვედიო, ისე მოჰყვა უთავბოლო წკავწკავს.

− ყი-ყი!

- დაიყვირა ივან ივანიჩმა.

- ყი-ყი-ყი!

კარი კვლავ გაიღო და პატრონი შემოვიდა, ხელში სანთელი ეჭირა.

ბატი წინანდებურად ნისკარტდაბჩენილი და ფრთებგადაფარჩხული იჯდა, თვალები დაეხუჭა.

− ივან ივანიჩ!

- დაუძახა პატრონმა.

ბატი არ განძრეულა, პატრონი იატაკზე დაჯდა, ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა ბატს.

− ივან ივანიჩ!

რა დაგემართა?

კვდები?

ვაი, ახლა გამახსენდა, გამახსენდა!

- წამოიყვირა და თავზე ხელები იტაცა, - ვიცი, რაც არის შენს თავს!

დღეს ხომ ცხენმა დაგადგა ფეხი!..

ღმერთო, ღმერთო!

ძალუას არ ესმოდა, რას ამბობდა პატრონი, მაგრამ სახეზე ატყობდა, რაღაც საშინელის მოლოდინს შეეპყრო.

კაშტანკამ დრუნჩი ჩაბნელებული ფანჯრისაკენ გააღირა, რომელსაც თითქოს ვიღაც უცხო მოსდგომოდა, და აყმუვლებდა.

− ჩვენი ივან ივანიჩი კვდება, ძალუა!

- პატრონმა ხელები გაასავსავა.

- ჰო, ჰო, კვდება!

თქვენ სადგომს სიკვდილი ეწვია!

რაღა ვქნათ ახლა?

ფერნაცვალმა, აღელვებულმა პატრონმა უიმედოდ გადააქნია თავი და ვიშვიშით თავის საძინებელში გავიდა.

ძალუას სიბნელეში დარჩენის შეეშინდა და უკან გაედევნა, პატრონი საწოლზე ჩამოჯდა და რამდენჯერმე გაიმეორა:

− ღმერთო ჩემო, რაღა ვქნა?

ძალუა პატრონის სიახლოვეს დაბორიალებდა და ვერ მიმხვდარიყო, რა ნაღველს დაეთრგუნა იგი, რა აშფოთებდა.

ცდილობდა, მიზეზი ამოეცნო და პატრონს თვალს არ აცილებდა.

პატრონის საძინებელ ოთახში ფიოდორ ტიმოფეიჩიც შემოვიდა, რომელიც, საერთოდ, იშვიათად თუ შეელეოდა თავის ლეიბს.

კატა თავს იბერტყავდა, თითქოს მძიმე ფიქრების გაფანტვა სურდა, თან საწოლქვეშ იჭვნეულად იცქირებოდა.

პატრონმა პირსაბანიდან წყალი ჩამოასხა და ისევ ბატთან გავიდა.

− დალიე, ივან ივანიჩ!

- უთხრა ალერსიანად და ლამბაქი წინ დაუდგა.

- დალიე, ჩემო კარგო!

მაგრამ ივან ივანიჩი არ განძრეულა და არც თვალი გაუხელია.

პატრონმა თავი დაუწია და ნისკარტი წყალში ჩააყოფინა, მაგრამ ბატმა არც წყალი დალია, კიდევ უფრო გაფარჩხა ფრთები, თავი კი ისევე დარჩა, ლამბაქზე ჩამოდებული.

− არა, აღარაფერი ეშველება!

- ამოიოხრა პატრონმა, - ყველაფერი გათავდა, წასულია ივან ივანიჩის საქმე.

ამის თქმა იყო და პატრონს ღაწვებზე მბრწყინავი წვეთები ჩამოუგორდა, სწორედ ისეთი, წვიმის დროს რომ მოგორავს ხოლმე ფანჯრის მინებზე.

ძალუა და ფიოდორ ტიმოფეიჩი ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა, პატრონს ეკვროდნენ და ზარდაცემულნი შესცქეროდნენ ბატს.

− საბრალო ივან ივანიჩი!

- იმეორებდა პატრონი, თან მწუხარედ ხვნეშოდა, - მე კი ვოცნებობდი, გაზაფხულზე აგარაკზე წავიყვან და იქ მწვანეზე ერთად ვისეირნებთ-მეთქი.

ივან ივანიჩ, ჩემო კეთილი მეგობარო, შენ აღარ ხარ!

რაღა ვქნა უშენოდ?

ძალუას ეჩვენებოდა, რომ მასაც იგივე ბედი ეწერა, ანუ ისიც ივან ივანიჩის მსგავსად, გაურკვეველი მიზეზის გამო, დახუჭავდა თვალებს, ფეხებს გაფშეკდა, კბილებს დაკრეჭდა და ყველანი შეძრწუნებულ მზერას მიაპყრობდნენ.

ეტყობოდა, ფიოდორ ტიმოფეიჩსაც იგივე ფიქრები უტრიალებდა, ადრე არასოდეს ყოფილა ბებერი კატა ასე დაღვრემილი და კუშტი.

თენდებოდა.

აღარსად იყო უცხო ჩვენება, ასე რომ აფრთხობდა ძალუას.

კარგად გათენდა, მეეზოვე მოვიდა, ბატს ფეხებში ჩაავლო ხელი და სადღაც წაიღო.

ცოტა ხნის მერე ბებრუხანა შემოვიდა და პატარა ვარცლი გაიტანა.

ძალუა სასტუმრო ოთახში გავიდა და კარადის უკან შეიხედა: ქათმის ფეხისთვის ხელი არავის ეხლო, იქვე იდო, მტვერსა და აბლაბუდაში.

მაგრამ კაშტანკას მოწყენილობა და სევდა დაუფლებოდა, არც კი დაყნოსა ქათმის ფეხი, დივანქვეშ შეძვრა და საწყალობლად აწკავწკავდა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE