4- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა
თავი მეოთხე
– იოლი ოინები –
მცირე ხნის შემდეგ უცნობი შემობრუნდა, თან რაღაც უცნაური საგანი შემოიტანა.
თავისი მოყვანილობით ალაყაფის კარსა და რუსულ ასო G-ს წააგავდა.
ამ ხის, უშნოდ გამოჩორკნილი საგნის კადონზე ზარი და პისტოლეტი ეკიდა.
ზარის ენაზე და პისტოლეტის სასხლეტზე თოკი იყო გამობმული.
უცნობმა G ოთახის შუაგულში დადგა, ერთხანს რაღაცას კრავდა, ხსნიდა, შემდეგ ბატს გადახედა და უთხრა:
− ივან ივანიჩ, მობრძანდი!
ბატი მივიდა და ბრძანების მოლოდინში შორიახლოს გაჩერდა.
− აბა, - თქვა უცნობმა, - სულ თავიდან დავიწყოთ.
უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას მიესალმე!
მარდად!
ივან ივანიჩმა კისერი წაიგრძელა, თავი აქეთ-იქით დაიქნია და ფეხიც გააფრატუნა.
− კარგია, ყოჩაღ...
ახლა ვითომ მოკვდი!
ბატი გაგორდა და ფეხები მაღლა აფშიკა.
კიდევ რამდენიმე მსგავსი იოლი ოინის შესრულების მერე უცნობმა ანაზდად თავზე ხელები იტაცა, სახეზე ძრწოლა გამოეხატა და იყვირა: - გვიშველეთ!
ხანძარია!
ვიწვით!
ივან ივანიჩმა G-სთან მიირბინა, ნისკარტი თოკს ჩაავლო და ზარი ჩამორეკა.
უცნობი ძალზე კმაყოფილი დარჩა, ბატს კისერზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
− ყოჩაღ, ივან ივანიჩ!
ახლა წარმოიდგინე, რომ იუველირი ხარ, ოქროთი და ბრილიანტით ვაჭრობ.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ მაღაზიაში შეხვედი და იქ ქურდებს წაასწარი.
ასეთ დროს როგორ მოიქცეოდი?
ბატმა ახლა მეორე თოკს ჩაჰკიდა ნისკარტი, მოსწია და მაშინვე გამაყრუებელი სროლის ხმა გაისმა.
კაშტანკას ძალზე მოეწონა ზარის წკარუნი, ხოლო გასროლამ ისეთ აღტაცებაში მოიყვანა, რომ G-ს გარშემო სირბილსა და ყეფას მოჰყვა.
− ძალუა, ახლავე შენს ადგილზე მიდი!
- დაუყვირა უცნობმა.
- ჩუმად იყავი!
ივან ივანიჩის საქმიანობა გასროლით არ დამთავრებულა.
შემდეგ უცნობი მთელი საათი თავის გარშემო დაარბენინებდა.
თან შოლტს ატყლაშუნებდა.
ბატი თარჯზე უნდა გადამხტარიყო, რგოლშიც უნდა გამძვრალიყო, ყალყზეაც დამდგარიყო, ე.ი.
გაფოფრილ ბოლოზე დაცუცქდებოდა და ფეხებს აქნევდა.
კაშტანკა ივან ივანიჩს თვალს ვერ აცილებდა, აღტაცებული წკავწკავებდა, რამდენჯერ უკან გამოუდგა კიდეც ყეფით, როცა უცნობმა ბატს სიქა გააცალა და თვითონაც არაქათი გამოელია, გახვითქული შუბლი მოიწმინდა და დაიძახა:
− მარია, ერთი ხავრონია ივანოვნას სთხოვე!
მცირე ხნის შემდეგ ღრუტუნი მოისმა...
კაშტანკამ დაიღრინა.
შეეცადა თავი მამაცურად დაეჭირა და ყოველი შემთხვევისათვის უცნობთან ახლოს მიიწია.
კარი გაიღო, ოთახში ვიღაც დედაბერმა შემოიხედა, რაღაც ჩაილაპარაკა და შავი, ძალიან უშნო ღორი შემოუშვა.
ღორმა კაშტანკას ღრენას ყურადღება არ მიაქცია.
დინგი ააღირა და მხიარულად აღრუტუნდა.
ეტყობოდა, ძალზე სიამოვნებდა თავისი პატრონის, კატისა და ივან ივანიჩის თავშეყრილობა.
იგი ჯერ კატასთან მივიდა და დინგი მეგობრულად ამოსცხო მუცელში, მერე ბატს გადაულაპარაკა რაღაც.
მისი საქციელი, ხმა, მეტადრე კი პატარა კუდის ქიცინი უზომო კეთილგანწყობას გამოხატავდა, კაშტანკა მაშინვე მიხვდა, რომ აქ ღრენა და ყეფა სულ არ იყო საჭირო.
პატრონმა G გაიტანა და დაიძახა:
− ფიოდორ ტიმოფეიჩ, გთხოვ!
კატა წამოდგა, ზანტად გაიზმორა და უხალისოდ, თითქოს ვიღაცას რამეს ამადლისო, ღორთან მივიდა.
− აბა, ეგვიპტური პირამიდით დავიწყოთ!
- გამოაცხადა პატრონმა.
იგი კარგა ხანს სამივეს რაღაცას დაწვრილებით უხსნიდა.
შემდეგ კი ბრძანა: - "ერთი...
ორი...
სამი," სიტყვა "სამზე" ივან ივანიჩმა ფრთები აიქნია და ღორს ზურგზე შეახტა...
როცა წონასწორობა დაიცვა და გამაგრდა, ფიოდორ ტიმოფეიჩიც უხალისოდ შეასკუპდა ღორს, თან ისეთი იერი ჰქონდა, თითქოსდა ყოველივე სძაგდა და თავის ოსტატობას კაპიკადაც არ აგდებსო.
შემდეგ უხალისოდ, ზოზინით ბატს ზე მოექცა და უკანა თათებზე დადგა.
წარმოადგინეს ის, რასაც უცნობი ეგვიპტურ პირამიდას უწოდებდა.
კაშტანკამ აღტაცებისაგან შეჰყეფა.
მაგრამ ამ დროს ბებერმა კატამ დაამთქნარა, წონასწორობა დაკარგა და ჩამოვარდა.
ივან ივანიჩიც შექანდა.
ისიც ჩამოვარდა.
უცნობმა შეჰყვირა, ხელების ქნევასა და კვლავ რაღაცის ახსნა-განმარტებას მოჰყვა.
დაუცხრომელმა პატრონმა პირამიდა მთელი საათი აჯახირა, მერე ივან ივანიჩს უჩიჩინა, როგორ უნდა ამხედრებულიყო კატაზე, ბოლოს კი კატას პაპიროსის მოწევა შეასწავლა.
მეცადინეობა იმით დასრულდა, რომ უცნობმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ოთახიდან გავიდა.
ფიოდორ ტიმოფეიჩმა დაიფრუტუნა, ლეიბზე გაწვა და თვალები დახუჭა.
ივან ივანიჩმა პატარა ვარცლს მიაშურა.
ღორი კი დედაბერმა გაიყვანა.