×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

Black Friday Bis zu 50% Rabatt
Kostenlose Registrierung
image

ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა, 1- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

1- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

თავი პირველი.

ცუდი ყოფაქცევა.

პატარა, წითური ძაღლი - ტაქსასა და ნაგაზის ჯიშნარევი, - ქუჩაში წინ და უკან დარბოდა და თვალებს მოუსვენრად აცეცებდა.

ცხვირ-პირი მელას მიუგავდა.

დროდადრო შედგებოდა, აწკმუტუნდებოდა, ხან ერთ გათოშილ თათს ასწევდა, ხან — მეორეს.

ვერაფრით მიმხვდარიყო, გზა რამ აუბნია.

ცხადად ახსოვდა, როგორ გაატარა დღე და ბოლოს, როგორ აღმოჩნდა ამ უცნობ ქუჩაში.

დილაადრიან მისმა პატრონმა, დურგალმა ლუკა ალექსანდრიჩმა ქუდი დაიხურა, წითელ ხელსახოცში გამოხვეული ხის რაღაც საგანი ამოიიღლიავა და დაიძახა:

− კაშტანკა, წავედით!

თავისი სახელის გაგონებაზე ძაღლი დაზგის ქვემოდან გამოძვრა, იქ ბურბუშელაზე ეძინა, ერთი გემრიელად გაიზმორა და პატრონს გაედევნა.

ლუკა ალექსანდრიჩის მუშტრები ძალზე შორს ცხოვრობდნენ.

ასე რომ, სანამ თითოეულ მათგანი მოინახულებდა, დურგალს ღონეზე მოსასვლელად სამიკიტნოში რამდენჯერმე უნდა შეევლო.

კაშტანკას ახსოვდა, რომ გზაში მეტისმეტად ცუდად იქცეოდა, აქაოდა, სასეირნოდ წამომიყვანესო, გახარებული ხტოდა, კონკის ვაგონებს უყეფდა, ეზოებში შერბოდა და ძაღლებს დასდევდა.

როგორც კი თვალს მიეფარებოდა, დურგალი ჩერდებოდა და გაბრაზებული შეუყვირებოდა ხოლმე.

ერთხელაც გაცეცხლებულმა პატრონმა ძაღლს მელასავით აცქვეტილ ყურში ხელი სტაცა და კბილებში გამოსცრა:

− შენი ჯიში კი გაწყდა, შე ეშმაკის კერძო!

რაკი მუშტრები დაიარა, ლუკა ალექსანდრიჩმა წამით დასთან შეირბინა, სადაც დალია და წაიხემსა, შემდეგ ნაცნობ ამკინძავს ესტუმრა.

მერე ისევ სამიკიტნოში ამოჰყო თავი, სამიკიტნოდან ნათლიმამას მიადგა და ა.შ.

ერთი სიტყვით, როცა კაშტანკა უცნობ ქუჩაში აღმოჩნდა, უკვე საღამოვდებოდა და გვარიანად გამობრუჟული დურგალი ხელებს იქნევდა, მძიმედ ხვნეშოდა და დუდღუნებდა:

− ეჰ, ცოდვის შვილები ვართ!

ცოდვის შვილები!

აგერ ქუჩაში მივაბიჯებთ და ფარნებს შევცქერით, მოვკვდებით და - ჯოჯოხეთის ალში დავიხრუკებით...

ხან მოლბებოდა, კაშტანკას მიიხმობდა და ტკბილად ეტყოდა:

− შენ, კაშტანკა, მწერი ხარ და მეტი არაფერი: ადამიანისაგან ისევე განსხვავდები, როგორც დურგალი ხუროსაგან.

ამ საუბარში რომ იყვნენ, ანაზდად მუსიკამ დაიქუხა.

კაშტანკამ მიიხედა და დაინახა, ქუჩაში, პირდაპირ მისკენ ჯარისკაცთა პოლკი მოაბიჯებდა.

მუსიკა მუდამ ნერვებს უშლიდა, ახლაც ერთ ადგილზე აწრიალდა და აყმუვლდა.

ძალიან კი გაუკვირდა, როცა დურგალი იმის მაგივრად, რომ დამფრთხალიყო და შეეყეფა, გაიბადრა, წელში გასწორდა და ჯარისკაცებს მხედრულად მიესალმა.

კაშტანკა რაკიღა დარწმუნდა, პატრონი უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა, უფრო ხმამაღლა აყმუვლდა, თავგზააბნეულმა ქუჩა გადაირბინა და მოპირდაპირე ტროტუარზე აღმოჩნდა.

როცა გამოერკვია, მუსიკა აღარსად ისმოდა და აღარც ჯარისკაცები ჩანდნენ, ისევ გადაირბინა ქუჩა, იმ ადგილს მიაშურა, სადაც პატრონს დასცილდა...

დურგალი იქ აღარ დახვდა.

ახლა წინ გავარდა, მერე ისევ უკან გამოიქცა.

ერთხელ კიდევ გადაირბინა ქუჩა, მაგრამ დურგალი თითქოს მიწას ჩაეყლაპა...

კაშტანკამ ფილაქანი დაყნოსა, იქნებ გეში ავიღოო, მაგრამ უფრო ადრე ვიღაც სალახანას რეზინის ახალი კალოშებით გაევლო და ყველა სურნელი კაუჩუკის მყრალსა და მძაფრ სუნში არეულიყო.

ასე რომ, ვერაფერი გამოარჩია.

კაშტანკა წინ და უკან დარბოდა, პატრონს კი ვერა და ვერ პოულობდა.

ამასობაში კიდეც დაბინდდა.

ქუჩის ორსავე მხარეს ფარნები აინთო.

ფანჯრებში შუქი აკიაფდა.

დიდრონი, ფაფუკი ფანტელები ცვიოდა და ქვაფენილს, ცხენების ზურგებსა და მეეტლეთა ქუდებს თეთრად რთავდა.

რაც უფრო ბინდდებოდა, მით უფრო გამორჩევით ქათქათებდა საგნები, ქუჩაში არ ილეოდნენ უცნობი მუშტრები, კაშტანკას თვალში ეჩხირებოდნენ, ზოგი ფეხსაც წაჰკრავდა ხოლმე (კაშტანკა კაცობრიობას ორ ძალზე არათანაბარ ჯგუფად, პატრონებად და მუშტრებად ყოფდა.

ამათ შორის არსებითი განსხვავება ის იყო, რომ პირველთ მისი ცემის უფლება ჰქონდათ, მეორენი კი თავად უნდა მორიდებოდნენ).

მუშტრები სადღაც მიიჩქაროდნენ და კაშტანკას არაფრად აგდებდნენ.

როცა სულ მთლად ჩამობნელდა, კაშტანკა სასოწარკვეთამ და შიშმა აიტანა.

რომელიღაც სადარბაზოს შეეყუჟა და მწარედ ატირდა.

ლუკა ალექსანდრიჩთან მგზავრობამ დაღალა, ყურები და თათები გაეთოშა.

შიმშილმაც გვარიანად შეაწუხა.

იმ დღეს მხოლოდ ორჯერ მოუწია ჭამა: ამკინძავთან ცოტოდენი ბუბკო მიირთვა და ერთ-ერთი სამიკიტნოს დახლთან ძეხვის კანს წააწყდა.

ეს იყო და ეს.

ადამიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ გაიფიქრებდა: "არა, ასე ცხოვრება შეუძლებელია, თავი უნდა მოვიკლა,"

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE